Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს მზექალა შანიძისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მზექალა შანიძე -100

აკადემიკოს მზექალა შანიძისადმი  მიძღვნილი ინტერდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მზექალა შანიძე -100

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი  2026 წლის 16-17 იანვარს გამართავენ აკადემიკოს მზექალა შანიძისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - მზექალა შანიძე -100.

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2025 წლის 5 დეკემბრამდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე:  <conference.hum@tsu.ge>

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება). უცხოელი მონაწილეებისთვის დაშვებულია ინლაონ მონაწილეობაც.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ქართველოლოგია; ფილოლოგია (ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, ონომასტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა, თარგმანმცოდნეობა); ისტორია (წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია-ეთნოგრაფია,  ანთროპოლოგია, არქეოლოგია,); ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების თეორია და ისტორია, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება,); კულტუროლოგია (სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და პრაქტიკა, კულტურის ისტორია, სამუზეუმო საქმე); ფილოსოფია (ფილოსოფიის ისტორია, შემეცნება და კოგნიტური ასპექტები, ენის ფილოსოფია); ბიბლეისტიკა; აღმოსავლეთმცოდნეობა (სემიტოლოგია; არმენოლოგია, ქართულ-აღმოსავლური ენობრივი და ლიტერატურული კონტაქტები); დიგიტალური ქართველოლოგია (მასალის დოკუმენტირება-დაარქივების მეთოდები, ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები) და სხვა (მიიღება თეზისები სხვა ქართველოლოგიურ თემატიკაზეც).

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

 კონფერენციის  ფარგლებში გაიმართება  მზექალა შანიძისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა და   კრებულის „მზექალა  შანიძე -100 წერილი” პრეზენტაცია.

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში   (MS Word)  გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;

3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;

ფორმატი — A4

შრიფტი — UNICODE (Sylfaen)

თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს ჟPG ფორმატში.

თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.

თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ავტორ(ებ)ი12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • საკვანძო სიტყვები;
  • თეზისების ძირითადი ტექსტი.

მზექალა შანიძე

მზექალა შანიძე (დ. 16 იანვარი, 1926 წ. თბილისი) ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

მზექალა შანიძემ 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1953 წლიდან  ეწეევა სამეცნიერო - პედაგოგიურ საქმიანობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი); 1981-2006 წლებში იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის  ძველი ქართული ენის კათედრის  პროფესორი,  1982 წლიდან  ამ კათედრასთან არსებული ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი  ლაბორატორია „ორიონის“ ხელმძღვანელი; 2006 წლიდან დღემდე არის თსუ-ს ემერიტუს პროფესორი, რექტორის საბჭოს მრჩეველი.

1957 წლიდან მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში (უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი), 1958 წლიდან კი ამ განყოფილების ბაზაზე შექმნილ ხელნაწერთა ინსტიტუტში (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი); 1968-2002 წლებში ხელმძღვანელობდა კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებას;  1958-1968 წლებში შეთავსებით ეკავა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა. 2002-2006 წლებში იყო კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  მთავარი კონსულტანტი. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 8 წიგნის ავტორი. ცალკეული შრომები დაბეჭდილია გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, რუსეთსა და საბერძნეთში.

სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ლექსიკოლოგია, ტექსტოლოგია, კოდიკოლოგია, ბიბლეისტიკა, სემიტოლოგია.  

მზექალა შანიძე 2013 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;

2015 წლიდან   - თბილისის საპატიო მოქალაქე;

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი);

1996 წელს გადაეცა ღირსების ორდენი ქართული მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

2021 წელს   ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდენით.

სხვადასხვა  დროს მიღებული აქვს აკაკი შანიძის საუნივერსიტეტო პრემია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის მედალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი, ილიას  მედალი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენი და სხვა ჯიდლოები. არჩეულია რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

ბიბლიოგრაფია

ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები: X-XIII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა მზექალას შანიძემ, - თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1960. რედაქტორი აკაკი შანიძე. 484 გვ.

ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები (ავტორი).- თბილისი, მეცნიერება, 1979. რედაქტორი კ. წერეთელი. 230 გვ.

ქართული ფსალმუნის სიმფონია : მასალები ადრეული ვერსიებისათვის და გიორგი მთაწმიდლისეული რედაქციის სიმფონია (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2010. - 383გვ.

სიტყუაჲ ართრონთათვს : ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი (ავტორი). - თბილისი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1990. - 248გვ.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, „ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ:   საქართველოს ისტორიის წყაროები 62; ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები; IX; თბილისი,  გამომცემლობა „ მეცნიერება“, 1992;  256 გვ. მეორე გამოცემა  წიგნში „ქართლის ცხოვრება“, რედ. რ.მეტრეველი, თბილისი, 2008. გვ. 301-350

ბასილი ეზოსმოძღუარი, „ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი“,  კრიტიკულად დადგენილი ძველი ქართული ტექსტის პუბლიკაცია. წიგნში: „ქართლის ცხოვრება“, რედ. რ.მეტრეველი, „მერიდიანი“, „არტანუჯი“, თბილისი 2008, გვ. 483-522

სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 წ. აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შეადგინეს ზ.ალექსიძემ. მ.შანიძემ, ლ.ხევსურიანმა და მ.ქავთარაძემ. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო. სინური კვლევის ფონდი. ათენი.  2005;  664 გვ. (წიგნის თანაავტორი, მთლიანი წიგნის რედაქტორი და ინგლისური ნაწილის მთარგმნელი (გვ. 353-484)

მზექალა შანიძე,  კრებული. სამეცნიერო სტატიები. -თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2021;  561 გვ.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge;  საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.319. 

თარიღი: 19/08/2025